დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ საზოგადოება მოეშვა, რის გამოც COVID 19-თ ინფიცირების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება და პირველწყაროს დადგენა რთულდება.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.
„დღეს დილისთვის გვქონდა 4 ახალი შემთხვევა. დღის განმავლობაში ისევ შემთხვევათა რაოდენობის ზრდის ტენდენციის ნიშნებია. ჯერ მიმდინარეობს კვლევები, არ დასრულებულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გვექნება რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა. ამავე დროს, რთულია იდენტიფიცირება პირველწყაროსი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემსუბუქების პერიოდში საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსი, რის გამოც აღარ იცავს რეკომენდაციებს ან ნაკლებად იცავს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა, ინფექცია არის ჩვენთან ერთად და ტრიალებს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მიდის, ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას, რადგან ქვეყანაში ვირუსი ცირკულირებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას - ნუ მოვეშვებით! დავიცვათ ყველა მთავარი რეკომენდაცია: სოციალური დისტანცირება, პირბადის გამოყენება დახურულ შენობაში და ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, ხელების დამუშავება სადეზინფექციო საშუალებით, დისტანციური მუშაობის უპირატესობა, თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება. ხაზს ვუსვამ, ახლა ზაფხულში, როდესაც დათბა, ყველას უნდა ერთად ყოფნა და დღესასწაულების აღნიშვნა, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან იმიტომ, რომ ეს არის მომატებული რისკი ქვეყანაში ინფექციის გავრცელების და ამის გარკვეული ნიშნები უკვე გამოჩნდა დღეს. განსაკუთრებით, როცა ამუშავდნენ რესტორნები და კაფეები, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირების დაცვა. ასევე, ყველა ამ დაწესებულებაში, შესაბამისი სანიტაიზერებისა და ხელის დასამუშავებელი საშუალებების არსებობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.