დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ NCDC გარკვეული პერიოდულობით თავადაც ატარებს სოციოლოგიურ გამოკვლევევს, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პერიოდში ვაქცინის მიმართ ნდობა 50%-დან 60%-მდე მერყეობს.
"ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი. მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს, ეიმედებოდათ, იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო. შემდეგ ეს რიცხვი შემცირდა. ვერ გეტყვით, რომ შემცირება სტატისტიკურად ძალიან სარწმუნოა. ეს მხოლოდ კოვიდვაქცინაზე არ არის. მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა. ამიტომ, უნდა მოგვეხმაროთ". - მიმართა მან ჟურნალისტებს.
გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ პანდემიის დამარცხების გზა რამდენიმე მიმართულებაზე გადის.
- "შეზღუდვების სწორად და დროულად დაწესება. ოქროს შუალედის ნახვა შეზღუდვებსა და ნაკლებ წნეხს შორის.
- მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.
- პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამლები და მათი მოხმარება და მე დამრწმუნებული ვარ, ზაფხულში ეს იქნება.
- და ის, რომ ვირუსი დაამთავრებს თავის ბიოლოიურ ციკლს და გადაიქცევა მთელი წლის განმავლობაში სუსტ ვირუსად, ან სეზონურ ვირუსად, როგორიც არის გრიპი".
მისივე თქმით და გათვლებით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ერთ წელში- წელიწადნახევარში დაუბრუნდება.
"ცხოვრების იმ ჩვეულ რიტს, როდესაც ერთად ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა პირბადე, დავდიოდით, ვმოგზაურობდით და ა.შ – კაცობრიობა, ჩემი პირადი გათველბით და პროგნოზით, დაუბრუნდება დაახლოებით, ერთ წელში, წელიწად-ნახევარში". - თქვა გამყრელიძემ.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა - 2 მილიონს.
საქართველოში ვირუსი 200 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი.