დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, აცხადებს, რომ ხვალინდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ე.წ მწვანე ბარათებსა და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებში ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გამყრელიძე აზუსტებს, რომ საუბარი არაა 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში სავალდებულო ვაქცინაციაზე, თუმცა დაგეგმილი ღონისძიებები ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრის მოტივაციის ზრდაზეა ორიენტირებული, ვინაიდან კორონავირუსისგან გარდაცვლილთა 60% სწორედ 60 წელს გადაცილებული პირია.
„ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა აუცრელი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, შორს ვართ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიღწევისგან, ვინაიდან სამიზნე 60%ის ნაცვლად, ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 33,3%-ია აცრილი.
ის აცხადებს, რომ მოვლენების პროგნოზირება რთულია, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო, სავარაუდოდ, რთული ეპიდემიური სიტუაცია გვექნება. ერთადერთი გამოსავალი, გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციაა, რის წასახალისებლადაც ყველა გზა უნდა იყოს გამოყენებული.
„ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გავსულიყავით, ახლა აცრილია 33,3 %. შორს ვართ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიღწევასთან, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს – აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, წამახალისებელი ღონისძიებები და ე.წ მწვანე პასპორტების სისტემა, რომ როგორმე მეტი ადამიანი აიცრას. მხოლოდ აცრები არის გამოსავალი. ერთმანეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში და იყოს სრული სოლიდარობა ქვეყანაში“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 67 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 10 435 პირი ემსხვერპლა.