logo
ENG



გამყრელიძე:ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ კოვიდი უკვე დავამარცხეთ, ინფექცია ცირკულირებს

11 ივნ 202013:28
3 წუთის საკითხავი
 

„ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ კოვიდი უკვე დავამარცხეთ“, - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს. მან აღნიშნა, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ისევ ცირკულირებს, ამიტომ მოქალაქეებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, ყველა მოქალაქემ, ვისაც სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, ოჯახის ექიმს, 112-ს ან ცხელების ცენტრს მიმართოს და კოვიდ-19-ზე ტესტირება ჩაიტაროს.

"არა ბატონებო, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, საქართველო ამ სამყაროს ნაწილია ამიტომ კოვიდი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში და სად როდის იჩენს თავს განსაკუთრებით ამ შემსუბუქების პერიოდში, ეს არავინ არ იცის. შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნა აუცილებელია და ჩვენ კარგად უნდა დავიცვათ ბალანსი ერთი მხრივ შემსუბუქების ნაბიჯებს და პოლიტიკას შორის და მეორე მხრივ მზადყოფნას შორის. მზადყოფნა ორი თვალსაზრისით: რაც შეიძლება სწრაფად იქნეს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, სადაც შესაძლო შემთხვევა შეიძლება იყოს კოვიდის და დღეს გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ ყველა თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანი, ოჯახის წევრი, ნაცნობი, ვისაც კი ექნება ტემპერატურა მომატებული 37 გრადუსზე მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირატორული სიმპტომები. დღეს იცით უკვე გრიპის ვირუსი აღარ ცირკულირებს ქვეყანაში, არის რამოდენიმე რესპირაციული ვირუსი, რომელიც ცირკულირებს, ამიტომ ყველა ამ ტიპის სიმპტომებიანმა ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს, ან 112-ზე დარეკოს და მოიქცეს რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროა ყველა ამ სიმპტომებიანი ადამიანის კოვიდზე გამოკვლევა ლაბორატორიულად pcr ტექნოლოგიებით. ეს შესაძლებელია თუ თქვენ არ გნებავთ ექიმთან დარეკვა, მიმართეთ ნებისმიერ ცხელების ცენტრს და იქ ჩაგიტარდებათ pcr-ზე ნაცხის აღება, 24 საათში გეცოდინებათ პასუხი“, - განაცხადა გამყრელიძემ.


close დახურვა