logo
ENG



გამყრელიძე - ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში გამოკვლეული 170 ადამიანიდან ვირუსი 26-ს დაუდასტურდა

05 მაი 202020:16
3 წუთის საკითხავი
 
cuyvd5rfgs7lqyr.jpg

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გამოკვლეული 170 ადამიანიდან კორონავირუსი 26-ს დაუდასტურდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს პროცენტულად ვირუსის გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი იყო.

„კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ტესტირება უნდა იყოს მიზნობრივი. არ უნდა გამოგვეპაროს ქვეყანაში არც ერთი ადამიანი, რომელსაც რაიმე მიმსგავსებული კლინიკური ნიშანი აქვს. ამის საუკეთესო მაჩვენებელი ბოლნისის რაიონის სოფელ სოფელ მუშევანში ჩატარებული სამუშაოა. ამ სოფელში ჩავატარეთ ტესტირებები და 170 გამოკვლეული ადამიანიდან კორონავირუსი დაუდგინდა 26-ს, რაც გამოვლენის საკმაოდ მაღალი პროცენტი იყო, დაახლოებით 15%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მიზნობრივად გამოვავლინეთ სწორედ ის ადამიანები, ვინც აუცილებელი იყო და ისინი გადაყვანილი არიან სტაციონარებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ტესტირების არეალი თანდათან გაფართოვდება და ტესტირება ფარმაცევტებს, სტომატოლოგებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალსაც ჩაუტარდება.

„როგორც იცით, თანდათანობით ტესტირების არეალს ვაფართოებთ, ვინაიდან შემსუბუქების ღონისძიებებთან ერთად გარკვეული ჯგუფები დაემატა. უკვე იტესტებიან ყველა ცხელების კლინიკის თანამშრომლები, კარანტინიდან გამომსვლელი პირები, მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი მომვლელები. რაღაც ეტაპზე, როდესაც ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება, ჩატარდება ფარმაცევტების, სტომატოლოგების, სასურსათო მაღაზიების პერსონალის ტესტირებაც“, - აღნიშნა გამყრელიძემ. 


close დახურვა