დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 12 წელს ზემოთ მოზარდების ფაიზერის ვაქცინით აცრაზე გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის რეკომენდაციით მიიღებენ. მისივე თქმით, ჯანმოში უკვე განიხილავენ ამ საკითხებს და ვარაუდობს, რომ შემოდგომისთვის გადაწყდება.
"ჩვენთვის მთავარი დასაწყდენი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაა. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ, როგორც ამერიკის, ისე ბრიტანეთის მარეგულირებელს, ევროპის წამლის სააგენტოს მაგრამ მაინც საბოლოოს გადაწყვეტილებას ვიღებთ ჯანმოს რეკომენდაციით.
როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აქტიურად განიხილავენ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრას და ვფიქრობ, შემოდგომაზე ეს საკითხი გადაწყდება და ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცხავ, ჩვენ შიდა განხილვებით, იმუნიზაციის კომიტეტზე და საბჭოზეც განვიხილოთ", - თქვა გამყრელიძემ.
23 აგვისტოს საქართველოში 30 067 აცრა ჩატარდა.
სულ ჩატარებულია 979 813 აცრა, მათგან 294 365 - ორჯერადად.
საქართველოში 4 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი. აცრა იცავს სიკვდილისგან, ამცირებს ვირუსის გადადების და ინფექციის მძიმედ მიმდინარეობის რისკებს.