დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვაქცინაციის განვითარების ღონისძიებები განიხილეს.
გამყრელიძის თქმით, განიხილება ძლიერი საკომუნიკაციო კამპანია და აცრილი მოსახლეობის წახალისება.
"დღეს საბჭოზე იყო სერიოზული განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. წარდგენილი იქნა და განვიხილეთ ძალიან ძლიერი საკომუნიკაციო კამპანია, აგრესიული კამპანია, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, როგორიც არჩევნების დროს არის ხოლმე. მეორე - იქნება წახალისებები აცრილებისთვის, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის და სასოფლო დასახლებებში მყოფი ადამიანების და ასევე, ქალაქებში მყოფ აცრლებთან მიმართებით", - თქვა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საბჭოზე ასევე განიხილეს მწვანე პასპორტის კონცეფცია, რომელმაც აცრილ მოქალაქეებს სტიმული უნდა მისცეს.
4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 33,1%. ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 469 აცრა.
საქართველოში კორონავირუსის 5 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 53 ადამიანი.