logo
ENG



განათლების სამინისტრო: ვგმობთ 10 ივნისს თსუ-ში პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს

11 ივნ 202220:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/11/4l3wa96rwq7jhp5.png

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ივნისს განვითარებული მოვლენებისას პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს გმობს.

„სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში” - წერია განცხადებაში.

სამინისტრო აცხადებს, რომ პატივს სცემს სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ „გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება”. 

***

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო, მიზეზად კი ბინების გაძვირებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.

11 მაისს, განათლების სამინისტრომ თსუ-ს მოუწოდა, 2021-2022 სასწავლო წელი ჰიბრიდულ ფორმატში დაასრულოს, რის შემდეგაც, თსუ-მ გაავრცელა განცხადება, რომ სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდებოდა, თუმცა ფინალური გამოცდები აუდიტორიაში ჩატარდებოდა.

ამასთან, თსუ-ს გადაწყვეტილებით, თბილისის გარდა საგამოცდო ცენტრები - ქუთაისსა და ახალციხეშიც მოეწყობა.

10 ივნისს მორიგი პროტესტისას სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და თქვეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ იქამდე, სანამ გიორგი შარვაშიძე მათ არ შეხვდება.

ამავე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ სტუდენტების პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო.

როგორც თსუ-ის განცხადებაშია ნათქვამი, დაპირისპირებისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ.


close დახურვა