„განაჩენი უგულავას მიმართ არის განაჩენი ხელისუფლების მიმართ" - ასე აფასებს დავით ბაქრაძე გიგი უგულავასადმი გამოტანილ განაჩენს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუტოვა ოპოზიციას მოლაპარაკებების რესურსი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიგი უგულავა რაიმე საბაბით დაეპატიმრებინათ. მისივე თქმით, ამას მოჰყვება დიდი საპროტესტო ტალღები და ხელისუფლება ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.
„ბოლო თვეების განმავლობაში მკაფიოდ ჩანდა ხელისუფლების სურვილი, ნებისმიერ საქმეზე ნებისმიერ ფასად დაეკავებინათ უგულავა. მაგრამ რა საბაბითაც ხდება მისი დაკავება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დაწესდა სამარცხვინო პრეცედენტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ინსტიტუტი. უწიგნურმა თადუმაძემ მიუსაჯა უგულავას, პროკურორმა თადუმაძემ, რომელმაც დაიწყო ამ საქმის წარმოება პროკურატურაში და უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს მოსამართლედ დახვდა. დღეს უგულავას მიუსაჯა იმ სასამართლომ, რომელმაც დაარღვია ყველანაირი პრეცედენტი და გვითხრა, რომ თუ აქ ივანიშვილი მოინდომებს, ნებისმიერ საქმეზე, მიუხედავად იმისა, მოხდილი გაქვთ თუ არა, მაინც გაგიშვებენ ციხეში. ასეთ პირობებში ოცნებას უნდა ესმოდეს - განაჩენი უგულავას მიმართ არის განაჩენი ხელისუფლების მიმართ. მან დღეს გადალახა ზღვარი, აღარ არსებობს ნორმალური პოლიტიკა და არ არსებობს მოლაპარაკების რესურსი. დღეს გადაიდგა ნაბიჯი უარესობისკენ და მოისპო პოლიტიკური სივრცე. ჩვენი შეგვეძლო მიგვეღო ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც გაახმოვანა შალვა ნათელაშვილმა. ჩვენი პროტესტი იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. საშიში ის კი არაა, რომ ადამიანი ხარ და ციხეში ხარ - საშიშია, რომ ციხეში არ ხარ და ადამიანობა გაკლია. ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე და ამ ხელისუფლების ყველა მსხვერპლი იქნება თავისუფალი. ხვალ გეტყვით კონკრეტულ გეგმებს", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.