logo
ENG



განვიხილავთ საკითხს, რომ დავხუროთ სასაფლაოები - გიორგი გახარია

14 აპრ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, შესაძლოა, მსხვილ ქალაქებში სასაფლაოები დაიკეტოს.

როგორც პრემიერმა განმარტა, ეს ვირუსის გავრცელების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

„ყველანაირი შეზღუდვა არსებობს ყველასთვის. რაც შეეხება რელიგიურ ტრადიციებს - განვიხილავთ საკითხს, რომ დავხუროთ სასაფლაოები მსხვილ ქალაქებში - ეს დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე. არაა მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს დღეებში. მოგვიწევს გარკვეული პერიოდით შეზღუდვების დაწესება. მიდგომა იქნება ყველა რელიგიურ კონფესიასთან ერთნაირი", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. ასევე, 15 აპრილიდან იკეტება ოთხი დიდი ქალაქიც ათი დღით.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, სამი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა