დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანი არ ჩაიკეტება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება ჩატარდება.
"არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ [გარდაბნის] ჩაკეტვის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაა მიღებული თერმოსკრინინგისა ყველა იმ გაჩიანის დასახლების შესასვლელ პუნქტებში და ასევე, გაფართოებული ტესტირებისა მოსახლეობის ამ რეგიონსა და კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში", - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გარდაბანში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება დაიწყება. მისივე თქმით, ამ ორ დასახლებაში კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაბნის ჩაკეტვის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს იმსჯელეს.