logo
ENG



გარდაიცვალა XX საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი

03 იან 202214:52
3 წუთის საკითხავი
 

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში თავის სახლში, სიდნეიში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ვიქტორ სანეევი მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენადაა დასახელებული.

სანეევმა სპორტული კარიერა სიმაღლეზე ხტომით დაიწყო, 1963 წელს კი, აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ, სამხტომში ვარჯიში დაიწყო. სპორტის სახეობის ცვლილება სწორი აღმოჩნდა, რადგან სანეევი ისტორიაში შევიდა, როგორც სამგზის ოლიმიური ჩემპიონი:

 

  • მეხიკო 1968: ოქროს მედალი

  • მიუნხენი 1972: ოქროს მედალი

  • მონტრეალი 1976: ოქროს მედალი

  • მოსკოვი 1980: ვერცხლის მედალი

 

გულშემატკივართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ვიქტორ სანეევის კარიერაში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება 1968 წელს მექსიკის დედაქალაქის ოლიმპიური თამაშებია; სამხტომის ფინალი, რომელშიც სამმა ათლეტმა მსოფლიო რეკორდი ოთხჯერ მოხსნა. სანეევმა მეხიკოს ოლიმპიადაზე 17.39-მეტრიანი ნახტომისთვის ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელ ნელსონ პრუდენსიოსა და იტალიელ ჯუსეპე ჯენტლის აჯობა.

ოლიმპიურ თამაშებზე ტრიუმფალური გამოსვლების გარდა, სანეევი ორგზის ევროპის ჩემპიონია:

 

  • ათენი 1969: ოქროს მედალი

  • რომი 1974: ოქროს მედალი

 

საბჭოთა კავშირის ტიტულების გარდა, ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენითა და ვახტან გორგასლის ორდენით. მას, ასევე, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი 1945 წელს სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის დამთავრების შემდეგ, სანეევი თბილისის დინამოში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მან ავსტრალიაში წასვლა გადაწყვიტა, სადაც გარდაცვალებამდე მწვრთნელად მუშაობდა.


close დახურვა