logo
ENG



გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმის შესასწავლად ყაზახეთიდან საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა

19 მაი 202110:00
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილი ყაზახი ქალის აისელ აიტპაევას საქმის შესასწავლად საქართველოში ყაზახეთიდან საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა. ისინი თბილისში გუშინ, 18 მაისს ჩამოფრინდნენ.

26 წლის აისელ აიტპაევა 5 მაისს, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო 6 მაისს შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება 7 მაისს წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აიტპაევას გაუპატიურების ბრალდებით კიდევ ერთი პირი, მურად მეირბეგოვი 16 მაისს ყაზახეთში დააკავეს. ყაზახური მედიის ცნობით, მეირბეგოვი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. მას ყაზახური პოლიცია ადამიანებით ვაჭრობას ედავება. დაკავებულს საქართველოს პროკურატურამ ბრალი ქალის გაუპატიურებისთვის 14 მაისს წარუდგინა. გარდაცვლილის ოჯახი მის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს.

შაბათის ფორმულამ ყაზახი გოგოს გარდაცვალების საქმის დეტალები გაარკვია. კერძოდ, გარდაცვალებამდე ქალმა მეგობარს აუდიოჩანაწერი გადაუგზავნა, სადაც ყვებოდა, რომ ის რუსთავში ვინმე მურადმა გააუპატიურა. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ მოძალადე მისი ნათესავის ქმარი აღმოჩნდა, რომელმაც აიტპაევას თქმით, ის 500 დოლარად გაყიდა. სწორედ ამის შემდეგ დატოვა მან რუსთავი და საცხოვრებლად გადავიდა კაცთან, რომელიც ამავე ბიზნესში იყო ჩართული.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო კომპანიას, რომელშიც ასელ აიტპაევა მუშაობდა, ყაზახეთის მოქალაქე მურად მეირბეგოვი, იგივე მურად ახმეტოვი ხელმძღვანელობს, რომელზეც ახალგაზრდა ქალი აუდიოჩანაწერში ყვება. 


close დახურვა