გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საჩხერის საავადმყოფოში იმყოფება. მასთან ერთად დამატებით კიდევ ორი ინფიცირებულია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"საჩხერის საავადმყოფოში ამჟამად იმყოფება 3 პაციენტი. იზოლირებულ, ბოქსირებულ პალატებში არიან განთავსებულნი. მათი მდგომაროება დამაკმაყოფილებელია და რაიმე გართულებები არ ახლავთ. მოვიდნენ სასწრაფოს მანქანით და ჰქონდათ ტემპერატურის მატება, ასევე იყო კონტაქტის არსებობაც, ამიტომ გახდა საჭიროება მათი გადამოწმების. ლუგარიდან მოვიდა დამადასტურებელი დასკვნა. სამივე მათგანს ჰქონდა კონტაქტი იტალიიდან ჩამოსულ ვიზიტორთან. ასევე იზოლაციაშია 38 პირი და აქაც მიმდინარეობს დაკვირვება, მათ რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ და 2 კვირის განმავლობაში იქნებიან იზოლირებულ სივრცეში,"-აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადება ნოზაძეს გუშინ, განმეორებითი კვლევის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა. მანამდე კი კორონავირუსი დაუდასტურდა მის შვილს, სწორედ ამიტომ იმყოფებოდა ნოზაძე და მისი ოჯახის სხვა წევრები თვითიზოლაციაში.