logo
ENG



გარემოს სააგენტო: გასული კვირის კვლევებით, შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმაშია

04 ივლ 202312:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/04/cpmklp64ljxefjf.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ხორციელდება და კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.

"აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს"- ნათქვამია განცხადებაში .

შავი ზღვის დაბინძურების საკითხი აქტუალური კახოვკის ჰესის დაბომბვის შემდეგ გახდა. 

6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

კაშხლის აფეთქებამ წყალდიდობა გამოიწვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰეს-ის განადგურების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 31 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. რაც შეეხება რუსულ მხარეს, ოფიციალური მოსკოვი წყალდიდობის შედეგად 29 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 

9 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება. 


close დახურვა