გასულ ღამეს უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ ნასროლი 19 შაჰიდის ტიპის დრონი და 11 კალიბრი ჩამოაგდეს.
როგორც სამხრეთის თავდაცვის ძალების სპიკერი, ნატალია გუმენიუკი აღნიშნავს, სამხრეთ საჰაერო თავდაცვამ მიკოლაევისა და კიროვოჰრადის ოლქებში 2 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო.
"ამ ღამეს განხორციელდა როგორც მასობრივი, ასევე, კომბინირებული შეტევა. 19 შაჰიდის ტიპის დრონები ისროლეს - ყველა მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. სამწუხაროდ, ნამსხვრევების შედეგად კერძო სახლები დაზიანდა, ასევე, ხანძარი გაჩნდა ბალახზე", - თქვა მან.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი კი ამბობს, რომ ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე იყო ინფრასტრუქტურული ობიექტებიც.
მისი თქმით, ოდესაში მაღალსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა, დაზიანდა კერძო სახლები და საწყობიც. კიპერის განცხადებით, ნამსხვრევების შედეგად ოდესაში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.