სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდება. შეხვედრა 21 იანვარს, 12 საათზე გაიმართება.
ბარკალაიას თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ მათი თანამშრომლების შრომითი პირობები ადეკვატური იყოს. როგორც ის ამბობს, არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამისთვის და ისინი მზად არიან, თანამშრომლებთან მუშაობა გააგრძელონ.
17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას, სამგზავრო თანხის გამოყოფასა და სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ. სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილნი და სამინისტრო მათ არაფერ ახალს სთავაზობს.
გაფიცვამდე ერთი დღით ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სოციალური აგენტების და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას არ იზიარებენ.