logo
ENG



გაძევებული რუსი დიპლომატები - გერმანია რუსეთს ხანგოშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს

04 დეკ 201919:49
3 წუთის საკითხავი
 
nmcr4pbjoozgwz9.jpg

სკანდალის ფონზე შედგება ვლადიმერ პუტინისა და ანგელა მერკელის შეხვედრა რამდენიმე დღეში, რუსეთსა და გერმანიას შორის დაძაბულობა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო ორი რუსი დიპლომატი გერმანიის ხელისუფლებამ პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა. დიპლომატები რუსეთის სპეც სამსახურის თანამშრომლები არიან და საელჩოში მუშაობდნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და პირადად აცნობეს რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. მიზეზად ის განუმარტეს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთი სახელმწიფო დონეზე არ თანამშრომლობდა.

გერმანიის პროკურატურა ჩეჩნეთის ყოფილი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობის დამკვეთად რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს ასახელებს და საამისოდ საკმარისი მტკიცებულებებიც აქვს. უწყების ცნობით, არსებობს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მკვლელობა ჩადენილია რუსეთის ფედერაციის ან მასში შემავალი ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.

სერგეი ლავროვის უწყება ოფიციალურ ბერლინს საპასუხო ზომებით ემუქრება. კრემლში კი გერმანელების ბრალდებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ამას წინ უძღვოდა განცხადება იმის თაობაზე, რომ გერმანია მზად არის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალი რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურად წაუყენოს. 

გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევების თემაზე და რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე, რომლის ინიციატივითაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა, დღეს შეკითხვა ნატოს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგსაც დაუსვეს. 

„თუ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ვერ შევძლებთ, მაშინ უნდა ვცადოთ მასთან რთული ურთიერთობის მართვა, უფრო მეტი ყურადღების გამახვილებით სამხედრო ყოფნაზე, წვრთნების ჩატარებაზე. პროგნოზირება გარანტირებული უნდა იყოს რომ თავიდან ავიცილოთ ინციდენტები. მაგრამ თუ მაინც მოხდება არ დავუშვათ კონტროლიდან გამოვიდეს და საშიში სიტუაცია შეიქმნას“, - განაცხადა სტოლნტენბერგმა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის პარკში საკონტროლო გასროლით 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდასხმამდე 6 დღით ადრე ის მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი ვარშავაში ჩაფრინდა. ყველა მტკიცებულებას ძიება რუსეთისკენ მიჰყავდა. ამიტომ საქმე გერმანიის გენპროკურატურამ გადაიბარა. „ფორმულა“ ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს ყვებოდა, რომ ზემილხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია. დაკავებული შინაგანი ჯარის ყოფილ სარდალს, გოგი თათუხაშვილსაც უთვალთვალებდა.

 


close დახურვა