ევროპარლამენტარები ევროკავშირს წევრ და აპლიკანტ ქვეყნებთან გაფართოების პროცესის განახლებისა და სტატუს-კვოს ცვლილებისკენ მოუწოდებენ - ახალ განცხადებაში, ასევე, საუბარია, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2030 წლისთვის უნდა დასრულდეს.
დეპუტატები მიუთითებენ, რომ ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რუსეთის მზარდი საფრთხის ფონზე, გაფართოების გაძლიერების პოლიტიკა ევროკავშირის ხელში ყველაზე ძლიერ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად რჩება და იმისთვის, რომ ის უფრო სანდო გლობალური მოთამაშე იყოს, ახალი წევრების გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები უნდა შეცვალოს - კერძოდ, მიღების წესი უნდა მოიცავდეს არა ერთსულოვან, არამედ კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობას.
ევროპარლამენტარები წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდებენ, შეასრულონ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ აღებული ვალდებულებები და უზრუნველყონ, რომ კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ სხვა ალტერნატივას არ შესთავაზებენ.
პარალელურად, დეპუტატები საუბრობენ რეფორმებისა და კანონის უზენაესობის აუცილებლობაზე - მათი თქმით, გაფართოების საკითხზე ევროკავშირის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, დაფინანსება და მისი ხელშესახები შედეგები უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს გაფართოების ქვეყნებში. მათ, ასევე, სურთ, რომ ევროკავშირმა იმუშაოს ამ ქვეყნების პოლიტიკურ, საარჩევნო და სხვა დემოკრატიულ პროცესებში მესამე მხარის ჩარევის შეჩერებაზე.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ სერბეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წინ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს, თუ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს მხარს დაუჭერს და ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.
ისინი, ასევე, მიესალმებიან ევროპული საბჭოს სწრაფ გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს EU-ში გაწევრიანების განაცხადებზე და სამ ქვეყანას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.