logo
ENG



გახარია: 8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არაეთიკური და ქვეყნისთვის დამაზიანებელია

08 აგვ 202011:28
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს.

როგორც გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, ომის შედეგად ქვეყანამ ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა, ხოლო 30 ათასი ადამიანი დევნილი გახდა. 

კითხვაზე - რატომ არ ახსენა გახარიამ გუშინდელ განცხადებაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პრემიერი ასე პასუხობს:

"8 აგვისტოს მაინც, ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ახლა რაც შეეხება ომის საკითხს, აგვისტოში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადმოლახეს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს. ასე დაიწყო ომი საქართველოში. ამ ომის შედეგად 20 პროცენტი ოკუპირებულია. ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ. რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მაშინდელი ხელმძღვანელობის, მათ შორის პუტინის დავალებით. 

რაც შეეხება მომავალს, მშვიდობა და მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება", - ამბობს გახარია. 

პრემიერის თქმით, ოკუპაცია ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

"დღეს უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგეთ, ყოველდღე და არა მხოლოდ 8 აგვისტოს, გვახსოვდეს გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%. ჩვენი ვალია ვემსახუროთ და მოვუაროთ ამ ქვეყანას, იმისთვის, რომ მივაღწღიოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

 


close დახურვა