„ბაზრებში თერმოსკრინინგი და სწრაფი ტესტირება ჩატარდება“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისივე განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება ტესტირება. ასევე შტაბს მიღებული აქვს დავალება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გამწვავდება, სწრაფად მოხდეს საკარანტინე ზომების გამკაცრება და ვირუსის გავრცელების პრევენცია.
„გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, რაც არის ყურადსაღები. სოციალური სტრუქტურა ამ სოფლების გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის ან ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და შერჩევითი ტესტირება. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება ტესტირება. შტაბს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანი არ ჩაიკეტება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 085 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 911 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.