საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პანდემიისგან გამოწვეული შოკი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამავდროულად, გახარიას თქმით, ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე შეინიშნება და ეს პანდემიის ეფექტური მართვის შედეგია.
„პანდემიის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილიზაცია მოვახდინოთ - შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. რეალურად, დღეს აშკარაა, რომ ჩვენ ამ სტაბილიზაციისთვის უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარადაა გაზრდილი. ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში, მაჩვენებლები პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით.
ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას. ეს არის გასაღები ეკონომიკის შემდგომი სწრაფი აღდგენის“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ გამოცხადებული სოციალური დახმარების პაკეტებით უკვე 721 000-მა ადამიანმა ისარგებლა. პრემიერის თქმით,კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს ყველა სოციალური ჯგუფი და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში მათ დასახმარებლად დამატებითი რესურსები იქნა მოძიებული.