logo
ENG



გახარია: დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვების შემოღებას არ ვაპირებთ

05 ოქტ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვების შემოღებას არ ვაპირებთ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების შემოღებას არ აპირებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, იმისათვის, რომ პროცესის მართვა წარმატებით განხორციელდეს, მოქალაქეებმა, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა შესაბამისი პასუხისმგებლობები უნდა გადაინაწილონ.  

"ის წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას გვქონდა, უნდა გავიმეოროთ და ამისთვის საჭიროა, რომ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას.

ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს, კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს, ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, გავაგრძელოთ", - განაცხადა პრემიერმა.

დღეს, 5 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, გარდაიცვალა - 2. 45 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათგან 43 - მართვით სუნთქვაზე. 

ჩნდება რისკი, რომ კლინიკებმა კოვიდინფიცირებულები ვერ დაიტიოს.  

NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტირება ჩატარდა.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 4 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა