logo
ENG



გახარია: ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა

06 ნოე 202020:22
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: ვიცავდი ყველა წესს, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც 2 ნოემბერს კორონავირუსი დაუდგინდა, აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

როგორც გახარიამ იმედის ეთერში განაცხადა, ის მკურნალობას სახლში გადის. რაც შეეხება იმას, თუ როგორ  მოხდა, რომ მთავრობის პირველი პირი კოვიდ19-ით დაინფიცირდა, გახარია ამბობს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესია. უკვე საკმაოდ სერიოზული პროგრესია. ვმკურნალობ სახლში და სრულად ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს. ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხე სახლში დაბრუნება. ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას და არც პოლიტიკურ გემოვნებას. რა თქმა უნდა, ვცდილობდი და ვიცავდი ყველა იმ წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა ის წესი, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიდგენენ. ეს არის ვირუსის შეჩერების ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დავინფიცირდით, საგანგაშო აქაც არაფერია, წყნარად, მშვიდად უნდა მივყვეთ ისევ ექიმების რჩევას და ვიმკურნალოთ, როცა შესაძლებელია ბინაზე ან კოვიდ სასტუმროში და მხოლოდ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევაში - ჰოსპიტალებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ცნობისთვის, მანამდე, 31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი. ვირუსი გახარიას 2 ნოემბერს დაუდგინეს


close დახურვა