logo
ENG



გახარია: კონკრეტული ადამიანების დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, პროცესს აფერხებს

22 დეკ 202119:40
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: კონკრეტული ადამიანების დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, პროცესს აფერხებს

ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ამ პროცესს აფერხებს. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, პრეზიდენტმა "ამბიციური ტვირთი იტვირთა" და ამისთვის მადლობა უნდა გადაუხადონ.

გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვებს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პასუხობდა. მისი განმარტებით, მან ილია მეორეს აღსაყდრების იუბილე წინასწარ მიულოცა, რადგან 25 დეკემბერს ქვეყანაში არ იქნება. რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკური საკითხებს, გახარია ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

"განსაკუთრებული ამ პოლიტიკურ პროცესში არც არაფერი არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მუშაობა, საკრებულოები დღეს არის პრიორიტეტი, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა მათი ინტერესი უნდა განახორციელონ, მათი ყოველდღიური პრობლემები ამ საკანონმდებლო ორგანოებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და მე ამაზე ვმუშაობ", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია და მიზნის მიღწევის გზად შიმშილობა პროტესტის სწორ ფორმად არ მიაჩნია.

"კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიცაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა და კიდევ ბევრი რამ, დეოკუპაცია. [...]

შიმშილობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს ქვეყანაში რეალური პრობლემა ახალი წლების წინ აქვს თითოეულ ოჯახს შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის, სამუშაო ადგილების და ა.შ. შეთანხმება კონსენსუსი ეროვნული უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე ან არგათავისუფლებაზე", - აღნიშნა გახარიამ.


close დახურვა