logo
ENG



გახარია: ოცნება მოიგებს დამაჯერებლად, კოალიცია არ დასჭირდება

10 სექ 202020:59
3 წუთის საკითხავი
clock 441

"ქართული ოცნება მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად დღეს კიდევ ერთხელ წარადგინა.

გახარიამ მისი გუნდის ძირითად ამოცანად ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაასახელა.

"ქართული ოცნების გუნდმა უნდა მოიპოვოს ლოგიკური და გონივრული გამარჯვება, ამაში ყველანი დარწმუნებული ვართ. ეს არჩევნები უნდა იყოს უკიდურესობებისგან დაცლილი და შინაარსობრივად სავსე, ეს არის ძირითადი მიზანი. პარალელურად, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყოველდღიური შრომის და მუშაობის გამოწვევები მოგეხსენებათ, უამრავია. ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა იქნება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ღირსეული სამუშაო ადგილები და როგორც ყოველთვის პანდემიის დროსაც, მანამდეც და შემდგომაც, ადამიანი იქნება ამ პროგრამის ცენტრში", - განაცხადა გახარიამ.

კითხვას - რაში მდგომარეობს მისი დამსახურება, რის გამოც პრემიერად კიდევ ერთხელ წარადგინეს, გახარიამ ასე უპასუხა: "ამას პასუხს გასცემს ამომრჩეველი".

მმართველმა გუნდმა საარჩევნო სიის პირველი ოცეული დღეს, მთაწმინდის პარკში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა. სიის პირველი ხუთეულში მოხვდნენ: გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე.

წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

 

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში


close დახურვა