პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია დღეს დილით გირჩი - მეტი თავისუფლების წევრებზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. მისი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ძალადობის წახალისება დაიწყო და საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.
"ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. ოცნებამ, ისევე როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!", - წერს გახარია.
დღეს, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, 60-მდე ადამიანი მიცვივდა და გაურკვეველ სიტყვებს ყვიროდნენ. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ისმის, რომ გაურკვეველი ჯგუფის წევრები ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. ბორჯომში მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელთა შორის იმყოფება ხელისუფლებასთან დაკავშირებული ვატო შაქარიშვილი, სასტუმროს ქვები დაუშინეს.
ამასთან, დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.