პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.
მისი თქმით, მთავარია, მოქალაქეებმა რეკომენდაციები დაიცვან და ვირუსთან თანაცხოვრებას მიეჩვიონ.
"პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამ მინდა გითხრათ, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერავინ მოიგონა, ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო და ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვაქვს, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამასთან თანაცხოვრებას. მარტივია ინფექციის გაჩერება. დავიცვათ ელემენტარული წესები, არ არის ეს რთული", - განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ქრონიკული დაავადებები ბევრ ადამიანს აწუხებს და მათთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.
"ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ, ჩვენ ქვეყანაში გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ქრონიკული დაავადებების. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა რომ რამოდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად, ესეც უნდა გავითვალისწინოთ და პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ სოციალურ ჯგუფებს მოხუცებს, ქრონიკული დაავადების მატარებელ ადამიანებს და აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 87-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 260 ტესტი ჩატარდა.