logo
ENG



გახარია: საზმაუს ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლაციები დაიწყება

24 მარ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

სასწავლო პროცესი შესაძლოა, კიდევ გადაიდოს და 21 აპრილს ვერ განახლდეს - განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

გახარიას თქმით, განათლების სამინისტრომ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე. ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმის, რომ აპრილის ბოლოს გაგრძელდება სასწავლო პროცესი არის, მაგრამ ასევე არსებობს შანსი, რომ ეს პროცესი ვერ გაგრძელდება. ამიტომ, განათლების სამინისტრომ მიიღო ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ ამ მიმართულების ჩამოყალიბებესთან დაკავშირებით. რეალურად, ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან 30 მარტიდან დაიწყება პირდაპირი გაკვეთილები საშუალო განათლების მოსწავლეებისთვის. პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა გახარიამ.

მან აგრეთვე მოუწოდა ინტერნეტ-პროვაიდერებს, რომ სტუდენტებსა და მოსწავლეებს მარტივად ჰქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. 

„ამასთან ერთად, მინდა მოვუწოდო თოთოეულ ინტერნეტ პროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე ჩვენი მოსწავლეების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს“, - განაცხადა გახარიამ. 


close დახურვა