logo
ENG



გახარია: სამწუხაროდ, მესტიაში სპეციალური ღონისძიებების გატარება გვიწევს

10 აგვ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

როგორც გახარიამ აღნიშნა, გარკვეულწილად შეზღუდული იქნება გადაადგილებაც.

"სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გვიწევს გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება ისევე როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია და ყველა იქნება მიხედული. არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. საპანიკო არაფერია, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს", - განაცხადა პრემიერმა.

კონკრეტულად რა შეზღუდვების დაწესებას გეგმავს მთავრობა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 17 მესტიაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1250 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1010 გამოჯანმრთელდა, 17 კი, გარდაიცვალა.


close დახურვა