საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სარესტორნო ბიზნესს, რომელსაც საბანკო სასესხო ვალდებულება აქვს, სახელმწიფო საპროცენტო განაკვეთს დაუსუბსიდირებს.
როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სარესტორნო ბიზნესი ტურიზმის სექტორთან ერთად, ყველაზე მეტად დაზარალდა.
"ტურიზმის სექტორთან ერთად, დღეს აშკარად გამოჩნდა, რომ რესტორნების ბიზნესია უკიდურესად დაზარალებული. ამიტომ, ის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი დახმარების სასტუმროებისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა - მათი სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირება, იგივე პროგრამა დაწესდება და გაგრძელდება რესტორნების ბიზნესზეც. ყველა იმ სარესტორნო დაწესებულებას, კომპანიას, რომელსაც გააჩნია საბანკო სასესხო ვალდებულება, სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს საპროცენტო განაკვეთს", - განაცხადა გახარიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.
კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.