"შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული", - თქვა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სიმართლის დასადგენად ყველაფერს გააკეთებს.
"შინაგან საქმეთა მინისტრის ამოცანაა გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დასრულება. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა მისსავე წინა განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც გამოძიებას პრობლემები აქვს. გახარიას თქმით, მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება, სწორედ ამიტომ მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები.
გიორგი გახარია ასევე ამბობს, რომ კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას პოლიტიკური პროცესისთვის იყენებენ და ინტერპრეტირების სივრცეები არ უნდა არსებობდეს.
"გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვთქვი ზუსტად ის, რასაც ვამბობდი მაშინ, როდესაც შსს მინისტრი ვიყავი. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ამას ვაკეთებდი შს სამინისტროში. სისტემური განახლება რაც იყო, იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს.
გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება.
სხვა რამე ვთქვი და ინტერპრეტაციები არ უნდა შევცვალოთ. მე ვთქვი ის, რომ კომუნიკაცია, მაშინ, როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ და სამწუხაროდ ისევე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას, ზოგიერთი ძალა იყენებს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას იყენებენ პოლიტიკური პროცესისთვის. ინტერპრეტირების საშუალება რომ არ მივცეთ, ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს ინტერპრეტირებისთვის“, - აცხადებს პრემიერი.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი კი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდა ამისა, ითქვა, რომ ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები.