პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მზად არის, რომ პარლამენტში მივიდეს. როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას და ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდება.
"ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 31 მარტიდან 22 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომაროება ითვალისწინებს გარკვეულ ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული კითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში ეს კითხვები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში. მზად ვართ ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. შესაბამისად პარლამენტს და მის თავმჯდომარეს შესაბამისი წერილი უკვე გავუგზავნეთ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.