ჩვენს განზომილებას, ეპიდემიასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკური განზომილებაც ემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისკენ გადადგმული, კიდევ ერთი ნაბიჯი.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას 142 დეპუტატი ესწრებოდა.
განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.