ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება გრძელვადიანი და იაფი სესხია. აღნიშნული სესხი საქართველომ სწორედ გახარიას პრემიერობის დროს მიიღო.
ევროკავშირმა, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალის პარტნიორი ქვეყნებისთვის აღმოსაფხვრელად 3 მილიარდი ევრო გამოყო, მათგან 150 მილიონი ევრო საქართველოს ერგო. თანხის პირველი ნაწილი - 75 მილიონი ევრო 2020 წლის ნოემბერში გადმოირიცხა, მეორე ნაწილი კი 2021 წლის დეკემბერში უნდა მიგვეღო.
"ეს არის უაღრესად გრძელვადიანი ფული, დაახლოებით 25 ან 30 წელი იქნება და უაღრესად დაბალი პროცენტით, 0,5% იყო, თუ კარგად მახსოვს, ამ სესხის გადასახადი. ასეთი ჩვენ სხვა არ გვაქვს იმიტომ, რომ ეს იყო პოლიტიკური ფული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამაზე რადგანაც ვთქვით უარი, ჩვენ მხოლოდ 75 მილიონი ევრო დავკარგეთ. ვისაც ცოტა ეკონომიკა ესმის და ესმის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ძალიან კარგად ესმის, რომ ამ სესხზე მიბმულია ძალიან ბევრი სხვა სესხიც. ასეთი იაფი სესხი ჩვენ სხვა არ გაქვს", - თქვა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა შეესრულებინა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია. ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირი ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება".
მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.