"ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას ყოველთვის ჯანსაღად აღვიქვამთ და ვუსმენთ მათ", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ "სერიოზული დარღვევების გამო, არჩევნები დაზიანდა და ხალხმა ნდობა დაკარგა".
"როდესაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნებში იყო ხარვეზები, ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვუსმენთ და მივიღეთ ისეთი რადიკალური ნაბიჯები საარჩევნო რეფორმის გასატარებლად, რომ იგივე ამერიკის ელჩმა ქალბატონმა დეგნანმა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ოპოზიციასთან ერთად, აღიარა, რომ რეფორმების ის ნუსხა, რომელზეც ოპოზიციასთან შევთანხმდით, არის საჭირო, აუცილებელი და რადიკალურად გააუმჯობესებს საარჩევნო სისტემას", - განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის ელჩმა უარყოფითად შეაფასა, გახარია აცხადებს, რომ როდესაც კითხვები გაჩნდა, დოკუმენტი შესაფასებლად ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.
"საკანონმდებლო ცვლილებებზე რასაც ამბობთ, რომელიც ასე მკაცრად შეაფასეთ, როგორც კი ჩვენს პარტნიორებთან დავჯექით და ვნახეთ, რომ იქ შეკითხვები იყო, ავდექით და გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, კიდევ რა გავაკეთოთ ? რა არის ეს თუ არა კონსტრუქციული პარტნიორობა და დისკუსია", - განაცხადა პრემიერმა.
მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებს ასრულებს, ოპოზიცია კი - არა.
"მაშინ, როდესაც იგივე ჩვენი მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ იმას ვაკეთებთ, ოპოზიციას მოუწოდებენ მარტივ რამეს - 'პოლიტიკა გააკეთეთ პარლამენტში და არა ქუჩაში, თუ ამომრჩეველმა ხმა მოგცათ და პასუხისმგებლობა დაგაკისრათ, მაშინ ნება იბოძეთ და იმ მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ საპარლამენტო ტრიბუნა და არა ქუჩა'", - თქვა გახარიამ.
აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, საპარლამენტო არჩევნებზე, პანდემიის გამოწვევებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრა.