პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მას შემდეგ შეხვდება, რაც შესაბამისი უწყებები საქმის გამოძიებას დაასრულებენ.
გახარიამ გამოძიების დასრულებამდე მშობლებთან შეხვედრაზე უარის თქმა ქვეყნის ინსტიტუტების მიმართ პატივისცემით ახსნა.
"მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციის და საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ხორციელდება. ჩვენ ყველას, თითოეულ მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელიგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზანმიმართულად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ, ამიტომ არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. მე მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უნდა, მას შემდგომ, რაც გამოძიება დასრულდება, შეხვედრის არანაირი პრობლემა არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, პასუხისმგებლობა ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.
გახარიამ გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი არა მხოლოდ მათი, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.
"პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს ვკარგავთ. ვუსამძიმრებ ოჯახს. ეს ქვეყნის ტრაგედიაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათ მთავრობის ადმინისტრაციიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.