პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ პოზიციისთვის".
სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება. გარდა ამისა, მან შეაქო საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.
გახარიას თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა "ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი".
"რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი", - წერს გახარია Twitter-ზე.
სერგეი ლავროვის განცხადებას ქართული ოცნების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა "მისასალმებელი იქნება". კობახიძემ თქვა, რომ რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანია.
ამავე თემაზე კომენტარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა და თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაში "ცუდს ვერაფერს ხედავს" და განაცხადა, რომ შეიძლება ეს "კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის".
საკითხს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას არ მიესალმება. ზურაბიშვილის თქმით, "იმ დროს, როცა ყველა პარტნიორი ქვეყანა, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, მთავრობისა და მმართველი გუნდის პოზიცია, გაუგებარია".