ექსპრემიერი, პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი გიორგი გახარია "კატასტროფას" და "დაუჯერებელს" უწოდებს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს.
"რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. და ეს ხალხი დღეს თავიდან არის წარდგენილი, რომ განწესდეს მუდმივ მოსამართლედ.
ვინმე გამოვა კიდევ და „საქართველოსთვის“ და გახარიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე დაიწყებენ ლაპარაკს მაშინ, როდესაც მოსამართლეებად წარდგენილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ თურმე საქართველოში 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება. დაუჯერებელი იყო! რამდენჯერმე ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა". - თქვა მან.
გახარიამ ასევე მადისკრედიტირებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესი საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების დარღვევით მიმდინარეობს.
***
17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი; გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია; ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლება დანიშვნების პროცესს არ აჩერებს.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს 6 ივლისიდან მოუსმენენ.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.