logo
ENG



გახარია ოცნების წევრებზე: ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული

18 იან 202411:52
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ამჟამად პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი "უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ". კერძოდ, გახარიას თქმით, ოცნების წევრებს "დეტალებში აქვთ მოყოლილი, როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი".

გახარია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დეპუტატების მიმართ "უნდობლობას" უკავშირებს და ამბობს, რომ ივანიშვილს ოცნების წევრების მიმართ უნდობლობის გამო "მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა".

"ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება, ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციები აღარ არისო საკმარისი იმისთვის, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მიტანილი ინფორმაცია აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვთ ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს რა არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა", - ამბობს გახარია.

ამასთან, ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შესთავაზა პირდაპირ ეთერში დებატები და თქვა, რომ მზადაა, ნებისმიერ ფორმატში მათ გასამართად.

გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს დებატები პირველად 2024 წლის 10 თებერვალს შესთავაზა.

ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".

ივანიშვილმა მისი "დაბრუნების" რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა - მათ შორის დაასახელა ოპოზიციის "არარსებობა" და "ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა".


close დახურვა