გიორგი გახარიას გუნდი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს.
როგორც პარტია საქართველოსთვის წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლო რეფორმამდე მოსამართლეების დანიშვნა 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების პირდაპირი დარღვევაა.
ამასთან, ანა ბუჩუკურის თქმით, პარტია საქართველოსთვის უახლოეს დღეებში დააინიცირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც "სასამართლოში გავლენის ჯგუფების" აღმოფხვრისკენაა მიმართული.
"ცვლილებით შეიცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და დაემყარება ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპს. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობა.
პარტია საქართველოსთვის ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ: დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე, ვინაიდან ეს არის რეალური საქმე, რაც სჭირდება დღეს ამ სისტემის მიმართ ნდობის აღდგენას; მხარი არ დავუჭიროთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს; არ დავუშვათ ვაჭრობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შერჩევაზე; ხელისუფლებას არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ფორმალური პროცედურების დახვეწისკენ მიმართული ცვლილებები კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად", - თქვა ბუჩუკურმა.
კანდიდატებთან გასაუბრება მომდევნო კვირაში დაიწყება. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.
ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით.
დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.
მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.
კელი დეგნანმა, კარლ ჰარცელმა და ნატალია ვუტოვამ 21 მაისსაც მიმართეს წერილით მმართველ გუნდს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა.
ელჩებმა წერილით მმართველ გუნდს შეახსენეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ფინანსური დახმარება.
ამაზე კახა კუჭავამ მათ უპასუხა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებულია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.
რა წერია შეთანხმებაში?
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.