logo
ENG



გახარიას გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს

20 აპრ 202112:22
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც გუშინ, 19 აპრილს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიცური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, არ არის იდეალური. 

თუმცა, მისი შეფასებით, ეს კრიზისი განმუხტვის გზაა, ამიტომ ის მას ხელს მოაწერს. 

"სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად, რითაც შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი. პოლიტიკოსების ამ უპასუხისმგებლობამ ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, პირდაპირ ჩართულიყვნენ ჩვენი ქვეყნის შიდა პროცესებში. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის". - თქვა ხოჯევანიშვილმა. 

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა მოქალაქეებს სოციალურ პრობლემებთან უწევთ გამკლავება, "რადიკალიზმის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია".

"ეს არ არის იდეალური შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის არსებული კრიზისის განმუხტვის და დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ და ხელს მოვაწერთ დოკუმენტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მხარეებმა აიღონ პასუხისმგებლობა შეთანხმების პუნქტების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე". - თქვა გიორგი ხოჯევანიშვილმა

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი გუშინ, 19 აპრილს მოაწერა.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი - მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან - პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და ელენე ხოშტარიამ. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

close დახურვა