logo
ENG



გახარიას პარტიის ბათუმის საკრებულოს არჩეული წევრები ხვალინდელ სხდომაზე არ მივლენ

02 დეკ 202121:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/02/5qpo0mvkgb668su.jpg

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული წევრები, ხვალ 3 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომას არ დაესწრებიან.

"ჩვენ, არ ვაპირებთ სხვის სცენარში მონაწილეობის მიღებას",განაცხადა პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ. მანვე საკრებულოს სხდომაზე არმისვლის მიზეზად განმარტა, რომ ვერ შეძლეს ვერც ნაციონალურ მოძრაობასთან და ვერც ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკება. 

"ჩვენ გვაქვს გადამწყვეტი ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები. [...]

ჩვენ შევთავაზეთ, როგორც ქართულ ოცნებას, ისე ნაციონალურ მოძრაობას, დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და მიგვეღო ერთობლივი გადაწყვეტილებები, იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, ჩვენ მზად ვიყავით სრულად უარი გვეთქვა ყველა თანამდებობაზე, რომელიც არსებობს საკრებულოში.

რა თქმა უნდა, და სამწუხაროდ, უნდა გავუსვათ ხაზი, რომ არც ქართული ოცნება და არც ნაციონალური მოძრაობა არ აღმოჩნდა ამისთვის მზად, რადგან მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ საკრებულოში არსებული ყველა კომისია თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

სამწუხაროდ, ორივე პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა ამაზე.

ქართულმა ოცნებამ პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ ის, რომ ისინი აპირებენ ინდივიდუალურად "მუშაობას" ოპოზიციონერ დეპუტატებზე.  ჩვენ ყველამ ერთად, ვიხილეთ თუნდაც ჩვენი პარტიის სახელით შესული ერთი წევრის გადაბირება, მოსყიდვა.

აქვე უნდა ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის პოზიციაც, სამწუხაროდ არც ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა ამ ყოველივესთვის მზად", - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ ბრიფინგზე.

ხვალ, 3 დეკემბერს ცესკოს განკარგულების თანახმად, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებში ახლადარჩეული წევრების სხდომა გაიმართება. 


close დახურვა