logo
ENG



გახელაძის დედა დახმარებას ითხოვს: თავისი მოქალაქე მოკლეს და საქართველოსი რა დღეში იქნება

30 აგვ 202013:01
3 წუთის საკითხავი
 

დაახლოებით 2 თვე პატიმრობიდან - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლები ხელისუფლებას კვლავ დახმარებას სთხოვენ.

ზაზა გახელაძის დედის, ნანა ბუნტურის თქმით, მათ დაკავებულის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ აქვთ.

"50-ე დღეა და არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მთავრობა ამბობს, რომ ვმუშაობთ, მაგრამ დღემდე შედეგი არაა. გუშინდელი ცხინვალის არეულობის შემდეგ, უარესს დღეში ჩავვარდით. თავისი მოქალაქე ერთი მოკლეს და ორი ნაცემია და საქართველოს მოქალაქე რა დღეში იქნება. დაგვეხმაროთ თუ ვინმეს შეუძლია. რა მდგომარეობაშიცაა, ჩვენ ვუპატრონებთ. იქ სახაზინო ადვოკატი ჰყავსო, მაგრამ არაფერი ვიცით", - აცხადებს ბუნტური. 

ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.

ხვიჩა მღებრიშვილის მამა კი აცხადებს, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენლებს 3 დღის განმავლობაში დაელოდებიან, შემდეგ კი მოქმედებას საკუთარი ძალებით შეეცდებიან. 

"სასწრაფოც ხელისუფლების ჩარევაა საჭირო. ასეთ სიტუაციაში არ გავჩუმდებით. როგორ შეიძლება ასეთი რამე? 2-3 დღე ველოდებით და შემდეგ ჩვენც მოვიმოქმედებთ...", - აცხადებს ჯუმბერ მღებრიშვილი.

ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 3 ივლისის შემდეგ იმყოფება.

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული, ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ დაკითხვის დროს შემოაკვდათ. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა აქტივისტებმა გაავრცელეს.

29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ კიდევ ერთ პატიმარს სცემეს.ნიკოლაი ცხოვრებოვის ფოტოები სოციალურ ქსელში ადგილობრივებმა გაავრცელეს. 

ამ დროისთვის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. გვიან ღამით დასრულდა ცხინვალში გამართული დემონსტრაცია. აქციაზე გამოსული ასობით ადამიანის მთავარი მოთხოვნა ე.წ. მთავარი პროკურორის გადადგომა იყო. ოკუპირებულ რეგიონში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ანატოლი ბიბილოვი კი აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.


close დახურვა