logo
ENG



გეგელია: მოვუწოდებთ მთავრობას, უარი თქვან ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე

29 ნოე 202314:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/29/hqabcfcjgafhabl.jpg

ლელო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად, მინისტერიალში მონაწილეობაზე უარი თქვას. ამის შესახებ პარტიის წევრმა, გრიგოლ გეგელიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

ასევე, მოუწოდებენ დარჩიაშვილს, დაუყოვნებლივ ამცნოს საზოგადოებას, აპირებს თუ არა სხდომაზე დასწრებას.

"მაშინ, როცა რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დარჩიაშვილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის სპობას.

ეს ხელისუფლება არც ერთხელ არ ყოფილა კიევში, არც უშუალოდ ომამდე და არც ომის განმავლობაში, მაგრამ კარგად გვახსოვს, როგორ ვახშმობდა პუტინთან ერთად ჩინეთში მყოფი ვიცე პრემიერმინისტრი სულ ცოტა ხნის წინ. დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს, დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი.

კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე. ოკუპანტ ლავროვთან ერთად ჯდომა ღირსების შემლახველია", - განაცხადა გეგელიამ. 

ლავროვის დასწრების გამო, ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ ეუთო-ს სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ სერგეი ლავროვის მონაწილეობა ღონისძიებაში "რუსეთს მხოლოდ პროპაგანდის კიდევ ერთ საშუალებას მისცემს". გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ მისი მონაწილეობა "ქმნის აგრესორი რუსეთის, როგორც თავისუფალი ერების საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის ლეგიტიმაციის, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბის შემცირების და რუსეთის მიერ ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპებისა და ვალდებულებების უხეშ დარღვევასთან შეგუების რისკს".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთო-ს სამიტზე დასასწრებად ჩრდილოეთ მაკედონიამ მიიწვია, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა. სერგეი ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიაში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს. 

 


close დახურვა