logo
ENG



გეგეჭკორი: ახალი შტამი არ წარმოადგენს საყოველთაო პანიკის შექმნის ობიექტურ საფუძველს

06 იან 202112:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/06/bhbk5ltz4x5y6mf.jpg

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ Facebook-ზე წერს და ამბობს, რომ კორონავირუსის მუტანტი შტამის აღმოჩენა არ წარმოადგენს საყოველთაო პანიკის შექმნის ობიექტურ საფუძველს.

გეგეჭკორის აზრით, თუნდაც ის ფაქტი, რომ მოდერნიზებული ტიპის, ე.წ. რნმ-ვაქცინების სწრაფი შექმნა შესაძლებელია, ნელნელა ათანაბრებს მიკროსამყაროსთან ეფექტური ბრძოლის შანსებს.

"კორონავირუსის მუტანტი შტამის აღმოჩენა არ წარმოადგენს საყოველთაო პანიკის შექმნის ობიექტურ საფუძველს. რაც უფრო მიიჩიხება ვირუსი ვაქცინისა და ბუნებრივად შექმნილი იმუნიტეტის მეშვეობით, მით უფრო შეეცდება ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი ვერსიების შექმნას. ასეთია ვირუსების ბუნება", - აცხადებს მედიკოსი. 

გეგეჭკორის თქმით, კოვიდ19-ის გამოჩენიდან დღემდე რამდენიმე მუტაცია უკვე გამოვლინდა, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ვირუსის ბუნება ვერ შეცვალა. თუმცა, გეგეჭკორი აცხადებს, რომ ბრიტანეთში გამოვლენილი ახალ შტამი რამდენიმე მუტაციის ჯამური შედეგია და გენომის ამგვარმა მოდიფიკაციამ ე.წ. "სპაიკ" ცილის კონფიგურაციის ნაწილობრივი ცვლილება გამოიწვია.

"სპაიკ ცილა არის ვირუსის ის ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ის ადამიანის ორგანიზმში არსებულ ACE2 რეცეპტორებს უკავშირდება და ასე იჭრება მისი უჯრედების ფუნქციონირებაში. აქამდე არსებული კვლევების თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამის "სპაიკ" პროტეინს შეუძლია უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება ACE2 რეცეპტორებთან. - რას ნიშნავს უფრო მჭიდრო კონტაქტი კლინიკურად? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არის გარკვეული. შეიცვლება თუ არა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სიმძიმე ვირუსის ახალი ვერსიის გამოჩენით, ამის პროგნოზირება რთულია. ჯერჯერობით არანაირი კლინიკური მონაცემები არ არსებობს დაავადების მიმდინარეობის კონკრეტული ცვლილებების შესახებ. თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ ამ შტამს გაცილებით უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აღმოაჩნდა, ჩვენთვის უკვე ნაცნობ და საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ვარიანტთან შედარებით", - წერს გეგეჭკორი.

მისი თქმით, ამ ეტაპისათვის, ვირუსის გავრცელების ზუსტი გეოგრაფია უცნობია და ეს მარტივი მიზეზით აიხსნება - ადამიანების ტესტირების შედეგად მიღებული ყველა ნიმუშიდან აღებული ვირუსის "სექვენირება" (ამინომჟავების თანამიმდევრობის დადგენა) არ ხდება და სწორედ ეს ე.წ. „სექვენირება“ იძლევა საშუალებას, დავადგინოთ ვირუსის გენეტიკური კოდი და შესაბამისად აღვრიცხოთ ნებისმიერი ცვლილება, რაც მასში მოხდა. 

გეგეჭკორი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად:

"1. შეუძლია თუ არა დღეს არსებულ ტესტირების მეთოდებს კორონავირუსის ახალი შტამის ადექვატურად აღმოჩენა?

დიახ. ტესტირების ჩვენს ხელთ არსებული მეთოდები საკმარისია იმისთვის, რომ ამ შტამის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა მოხდეს. როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე მუტაციის ჯამური მოქმედების შედეგად კორონავირუსის „სპაიკ“ პროტეინის კოფიგურაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა. „პსრ“ ტესტს აქვს სხვა სამიზნეებიც, გარდა ვირუსის ცილოვანი სტრუქტურის ამ კონკრეტული ნაწილისა, ამიტომაც ვირუსი ასეთ ტესტირებას ვერ დაემალება.

2. იმოქმედებს თუ არა ვირუსის მუტაცია დღეს არსებული ვაქცინების ეფექტურობაზე?

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა თავისუფლად გაართმევს თავს კორონავირუსის ამ კონკრეტულ შტამთან ბრძოლას. ამ რწმენის საფუძველს ვაქცინების პოლიკლონალური ბუნება იძლევა. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინასაც, ისევე როგორც ტესტს, აქვს მრავლობითი სამიზნე და ერთერთი სამიზნის ცვლილება მის ჯამურ ეფექტურობაზე ვერ იმოქმედებს.

3. ახასიათებს თუ არა კორონავირუსის ახალ შტამს განსაკუთრებული მიმდინარეობა ბავშვებში?
დღეს არსებული მონაცემებით, ბავშვებში კორონავირუსის ახალი შტამით გამოწვეული დაავადება რაიმე განსხვავებული თავისებურებებით არ გამოირჩევა. არაფერი კლინიკურად განსაკუთრებული არ შეუნიშნავთ არც ახალგაზრდების პოპულაციაში.

4. შეიცვალა თუ არა მიდგომა კოვიდ-19-ის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებში ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით?
არა. პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები იგივე დარჩა, რადგან კორონავირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით არ არის შემჩნეული გავრცელების რაიმე უნიკალურ თავისებურებებში და არც დაავადების სიმძიმით განსხვავდება უკვე არსებული ვარიანტისგან.

5. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ სწრაფად გავრცელებადმა ვირუსმა კიდევ უფრო მეტად არ დაგვაზიანოს?
არაფერი ახალი და განსაკუთრებული. სოციალური დისტანციის შენარჩუნების, ნიღაბის ტარების, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის წესები უცვლელია", - წერს გეგეჭკორი.

მისი თქმით, ყველა ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვა თუ რეგულაცია თანაბრად ეხებათ კოვიდ-გადატანილებსაც და ინფიცირებას დროებით გადარჩენილებსაც. გეგეჭკორი აცხადებს, რომ კოვიდ-19-ით რეინფიცირების შემთხვევები დადასტურებულად არსებობს.

გეგეჭკორი კლინიკის მესვეურებს მოუწოდებს, რომ დიდი ყურადღება მიაქციონ პაციენტთან მომუშავე პერსონალის სათანადო აღჭურვას, რადგან მათი ინფიცირების რისკი წარმოუდგენლად მაღალია. 

კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ის უკვე გამოვლინდა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც. ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია. 

მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალ შტამს მდგომარეობა განსაკუთრებით არ დაუმძიმებია და არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია. ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკა​ აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც გაუმკლავდება.

კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 4 იანვარს დადასტურდა.

 


close დახურვა