აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი თბილისის ინფექციურის დირექტორის განცხადებას პასუხობს, რომ მათ უნდა "მიხედონ იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ".
ნანა გეგეჭკორი Facebook-ზე წერს, რომ საქართველო მისი სამშობლოცაა და მის ყოველდღიურობად იქცა მათი პრობლემები, ვინც საქართველოში სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს:
"ამ ძნელბედობის ჟამს, ვცდილობ, ცოდნითა და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს, ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება-მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში... მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა", - წერს ნანა გეგეჭკორი.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები, მრავალჯერ გამართული პოლემიკის მიუხედავად, მასთან საუბარში ვერ ასაბუთებენ თავიანთ კრიტიკას. მისივე თქმით, ამ ექიმების ნაწილს ოპონენტებად განიხილავს.
"ის, რომ ქართველი ექიმები უცხოეთში მოღვაწეობენ, არ ნიშნავს, რომ არ არიან ოპონენტები. ისინი, უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ოპონენტები არიან. და მეორე, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. მე ძალიან ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მოღვაწე ექიმებთან და ჯერ პირად პოლემიკაში ვერავინ დამისაბუთა, რომ ჩვენ დავუშვით რაიმე შეცდომა, ან არასწორად ვმართავთ კოვიდს", - ამბობს ცერცვაძე პალიტრანიუსის გადაცემა დღის ნიუსრუმში საუბრისას.