logo
ENG



გედევან ფოფხაძე: საგანგებო მდგომარეობაში პანაცეას ვერ ვხედავთ

22 აპრ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ განმარტა, რომ მან გარკვეული მიზეზების გამო არ დაუჭირა მხარი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. მისი თქმით, არავითარი საფუძველი მთავრობას არ წარმოუდგენია, რატომ ხანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობა.

„პასუხისმგებლობა გაიზიარო იმაზე, რომ მოსახლეობამ იზრუნოს თავის ოჯახზე - ასეთი რაღაცის გაკეთება ჩემთვის მიუღებელია, საგანგებო მდგომარეობაში პანაცეას ვერ ვხედავთ. გამოსავალია გონიერი აკრძალვები და არა აკრძალვები აკრძალვებისთვის", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას კითხვებზე სურს პასუხების მიღება, რასა ხელისუფლება არ აკეთებს. მისივე განცხადებით, ამ პერიოდში ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ითხოვს, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.   

„თურმე ის რა უნდა ვიცოდეთ, იქნება პარასკევს ეკონომიკური გეგმა, მათ შორის ჯანდაცვაზე შემდგომ ისაუბრებენ მთავრობის წევრები. მგონი წინასაარჩევნო კამპანიის გახსნას აპირებენ ამ გეგმების წარმოდგენით და არა პარლამენტში მოსვლას და ინფორმაციის მიწოდებას. 

არავინ არ ითხოვს ოპოზიციიდან და ჩვენი ფრაქციიდან რაღაც გადაწყვეტილებებში ჩართვას, ვითხოვთ, რომ კითხვებზე პასუხები მივიღოთ“, - აცხადებს კობერიძე. 

ეკა ბესელიამ დღევანდელ საპარლამენტო განხილვას ფორმალური უწოდა და განმარტა, რომ სწორედ ამის გამო არ მისცა ხმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას.

„რა ელოდებათ მოქალაქეებს - მინდოდა კითხვებზე პასუხის მიღება და გადაწყვეტილებამდე ასე მისვლა, მაგრამ ამის საშუალება არ იყო, გვითხრეს, ფორმალურად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებაო. ფორმალურად მე ვერ მივიღებდი გადაწყვეტილებას. არ ვიცი რა უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს, ვინც ყოველდღიურად ცდილობს თავის გატანას და ასე გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებდი", - ამბობს ბესელია.

​შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. საგანგებოს გაგრძელების მომხრე 97 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი - 10.

ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ნაწილმა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც ხელისუფლების ოპონენტებმა აღნიშნეს, მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს და ამის გამო, საგანგებოსგაგრძელება მათთვის მიუღებელია.


close დახურვა