19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ზ.ხ-ს ადვოკატი აბსურდულს უწოდებს პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ზ.ხ-სა და ტოიოტა ქემრის კიდევ 4 მგზავრს ბრალი დაუმძიმდა.
როგორც გელხაური ამბობს, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც გამოძიებას ამ დრომდე აქვს მოპოვებული, ზ.ხ-ს ბრალეულობა არ იკვეთება. გელხაური ფიქრობს, რომ პროკურატურამ ზ.ხ-ს ბრალი უსაფუძვლოდ დაუმძიმა.
"იმ მტკიცებულებებში, რომლებიც ამ დრომდე მოპოვებულია გამოძიებაში, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, არ არსებობდა მსგავსი სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული ბრალის დამძიმება. მივიღებთ ამ მტკიცებულებებს და მერე თქვენთან ერთად გავივლით დეტალურად.
არ ვიცი, ბრალდება რაზე საუბრობს და რაზე დაყრდნობით მოახდინა ბრალის დამძიმება. ზ.ხ დასაწყისშივე იძახდა, რომ ის და ვასილ მახარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად ფერადი შენობიდან და ამის შემდგომ მოიყვანეს მანქანა და იქ დახვდათ ამირხანაშვილი", - ამბობს გელხაური.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია "ტოიოტა ქემრის" მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.