გენდერული თანასწორობის საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს გმობს და იმედოვნებს, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მომხდარი ფაქტი სათანადოდ იქნება გამოძიებული.
"პოლიციელი უნდა იცავდეს ძალადობის მსხვერპლ ქალს, არათუ თავად ძალადობდეს. ცალსახად ვგმობთ ამ სამარცხვინო ფაქტს და ვიმედოვნებთ, ზუგდიდში მომხდარი აღნიშნული შემთხვევა სათანადოდ იქნება გამოძიებული, დამნაშავე კი შესაბამისად დაისჯება.
პოლიცია სწორედ ის უწყებაა, რომელიც სამართალდარღვევის და მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას. სწორედ ამიტომ საკითხის მიმართ თითოეული პოლიციელის მგრძნობელობა და დანაშაულის სიმძიმის სრულად აღქმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლების მანძილზე ვითარება ცალსახად გაუმჯობესდა, თუმცა ზუგდიდში მომხდარი ფაქტის მსგავსი თითოეული შემთხვევა აუარესებს თემის მიმართ დამოკიდებულებას და ზიანს აყენებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამართალდამცველთა მხრიდან გაწეულ ძალისხმევას", - ამბობენ გენდერულ საბჭოში.
ქალზე ძალადობის კადრები 25 იანვარს გავრცელდა. შემთხვევა ჩხოუშიის სანაპიროზე მოხდა. კადრებში ჩანდა, როგორ ძალადობს პოლიციელი ქალზე. კერძოდ, მან ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა. 26 იანვარს პოლიციელი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.